საქართველო: ICC პროკურორი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს

ICC to investigate Russia-Georgia war (2)

პროკურორის საგამოძიებო შუამდგომლობის შინაარსი და ფარგლები

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისმა (OTP) ოფიციალური შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას (PTC I) საქართველოს სიტუაციის გამოძიების ნებართვის მოსაპოვებლად. სასამართლოს პროკურორის ოფისი 2008 წლის აგვისტოდან დღემდე ახორციელებდა წინასწარ მოკვლევას სიტუაციაზე, რომელიც დააკვალიფიცირა როგორც შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთ ოსეთის ძალებსა და საქართველოს არმიას შორის, რომელმაც საერთაშორისო ხასიათი შეიძინა შეიარაღებულ მოქმედებებში რუსეთის ჩართვის შედეგად.

პროკურორის Proprio Motu უფლებამოსილება გამოძიების დასაწყებად

პროკურორის შუამდგომლობა გამოძიების დაწყების შესახებ დაყენებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების – რომის სტატუტის – მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად და წარმოადგენს პროკურორის proprio motu უფლებამოსილების განხორციელების მაგალითს. აღნიშნული დებულების თანახმად, პროკურორი მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებით, განსხვავებით გამოძიების დაწყების ორი სხვა შესაძლო მეთოდისგან, როგორიცაა რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოს მიერ სიტუაციის გადაცემა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სიტუაციის წარგზავნა სასამართლოში. მოცემული შუამდგომლობა გამოძიების დაწყების შესახებ მოიცავს სიტუაციის 160 გვერდიან ანალიზს და შესაბამის დამატებით ინფორმაციას საჯარო და კონფიდენციალური დანართების სახით, სადაც პროკურორი ასაბუთებს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ 2008 წლის 1 ივლისსა და 10 ოქტომბერს შორის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.  

პროცესში დაზარალებულთა მონაწილეობა

წინასწარი წარმოების პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის განხილვა აგრეთვე ითვალისწინებს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მონაწილეობას სასამართლო პროცესში. საამისოდ დადგენილია 30 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება პროკურორის მიერ საგამოძიებო შუამდგომლობის წარდგენის დღიდან. ამ მიმართულებით პროკურორმა უკვე მიმართა შესაძლო დაზარალებულებს აღნიშნული უფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით [ინგლისური, ქართული, რუსული]. მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს სასამართლოს პროკურორი, ქალბატონი ფატუ ბენსუდა პირადად ეწვია საქართველოს და გამართა შეხვედრა როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებთან და მიაწოდა ინფორმაცია რომის სტატუტით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

პროცესში დაზარალებულთა მონაწილეობის შესახებ იხილეთ აგრეთვე HRW და ICC ვიდეორგოლი.

წინასწარი წარმოების პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის განხილვის ფარგლები

გამოძიების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, წინასწარი წარმოების პალატა განიხილავს პროკურორის შუამდგომლობას და შესაბამის მტკიცებულებებს ისევე როგორც დაზარალებულთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. რომის სტატუტის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი მოითხოვს, რომ წინასწარი წარმოების პალატამ განიხილოს აღნიშნული მასალები და გადაწყვიტოს რამდენად არსებობს გონივრული საფუძველი გამოძიების დასაწყებად. ამავე პალატამ აგრეთვე უნდა დაადასტუროს, რომ საქმე ექცევა სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში. სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატების გამოცდილება წინა proprio motu შუამდგომლობების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას აჩვენებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად პალატები ეყრდნობიან რომის სტატუტის 53-ე მუხლის 1-ელი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს (იხ. კენია, წინასწარი წარმოების პალატის მიერ მე-15 მუხლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, 18-25 პარაგრაფები და კოტ დ’ივუარი,  წინასწარი წარმოების პალატის მიერ მე-15 მუხლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, 15-18, 192-193, 201, და 207-ე პარაგრაფები).

რომის სტატუტის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და სასამართლოს ადრეული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, წინასწარი წარმოების პალატა სავარაუდოდ შეამოწმებს შემდეგი ფაქტორების არსებობას:

• იურისდიქცია: თუ რამდენად იძლევა პროკურორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გონივრულ საფუძველს დასკვნისა, რომ ჩადენილ იქნა სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში არსებული დანაშაული;

• დასაშვებობა: რამდენად არის ან იქნება საქმე დასაშვები რომის სტატუტის მე-17 მუხლის გათვალისწინებით (ეროვნულ საგამოძიებო ორგანოებს არ შესწევდათ უნარი ან არ ჰქონდათ სურვილი, რომ ადეკვატურად ეწარმოებინათ გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა);

• დანაშაულის სიმძიმე: საქმე უნდა იყოს სათანადო სერიოზულობის იმისათვის, რომ გამართლებული იყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა; და

• მართლმსაჯულების ინტერესები: არსებობს თუ არა, სავარაუდო დანაშაულების სიმძიმისა და დაზარალებულთა ინტერესის მიუხედავად, არსებითი საფუძველი ვარაუდისა, რომ გამოძიება არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს. გამოძიების დაწყების ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება მიიღება წინასწარი წარმოების პალატის მოსამართლეთა ხმათა უმრავლესობით და არ ზღუდავს სასამართლოს იურისდიქციისა და დასაშვებობის ნაწილში შემდგომ ეტაპზე კონკრეტული საქმეების განხილვისას.

1. იურისდიქცია: პროკურორის საგამოძიებო შუამდგომლობის ფარგლები

ჰააგის პროკურორის საგამოძიებო შუამდგომლობის მიხედვით, არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ 2008 წლის 1 ივლისსა და 10 ოქტომბერს შორის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენას. თუმცა, პროკურორი არ არის შებოჭილი აღნიშნულ შუამდგომლობაში წარმოდგენილი გარემოებებით წინასწარი წარმოების პალატის მიერ გამოძიების დაწყების ნებართვის გაცემის შემთხვევაში და პროკურორის ოფისი გააგრძელებს სრულფასოვან გამოძიებას იმისათვის, რომ გამოავლინოს სასამართლოს წინაშე წარსაგზავნი კონკრეტული საქმეები, რომის სტატუტის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად.

შუამდგომლობის ტერიტორიული ფარგლები

პროკურორის შუამდგომლობაში აღწერილი სავარაუდო დანაშაულების ჩადენის ადგილად მითითებულია საქართველო, რომელიც 2003 წლიდან არის რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარე. პროკურორის ოფისი აღნიშნავს, რომ ‘სასამართლოს იურისდიქცია შეიძლება გავრცელდეს ყველა მითითებულ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში, მიუხედავად ეჭვმიტანილის ეროვნებისა’ (პროკურორის შუამდგომლობა, 54-ე პარაგრაფი).

შუამდგომლობით გათვალისწინებული პერიოდი

პროკურორის ოფისმა სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მიმართა თხოვნით, საქართველოს სიტუაციასთან მიმართებით გამოძიების დაწყების ნებართვა გამოსცეს ‘2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდის ფარგლებში’ (პროკურორის შუამდგომლობა, 349-ე პარაგრაფი). პროკურორის შუამდგომლობის მიხედვით, ათვლის წერტილად 1 ივლისის აღება საშუალებას აძლევს პროკურორს, რომ განიხილოს, თუ რამდენად ჰქონდათ უშუალოდ შეიარაღებული მოქმედებების დაწყებამდე არსებულ მოვლენებს საკმარისი კავშირი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების კონტექსტუალურ ელემენტებთან (პროკურორის შუამდგომლობა, 57-ე პარაგრაფი).

შუამდგომლობით გათვალისწინებული დანაშაულები

პროკურორის ოფისი არ არის შეზღუდული წარგზავნილი შუამდგომლობის ფარგლებით და შესაძლებელია, რომ გამოძიების შემდგომ ეტაპზე გამოვლინდეს დამატებითი დანაშაულები. თუმცა, როგორც აღნიშნულია შუამდგომლობაში, ამ ეტაპზე არსებობს გონივრული საფუძველი დასკვნისა, რომ ადგილი ჰქონდა, სულ მცირე, შემდეგი დანაშაულების ჩადენას (პროკურორის შუამდგომლობა, 53-ე პარაგრაფი):

(1) ომის დანაშაულები

პროკურორის ოფისმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მასალები ‘იძლევიან გონივრულ საფუძველს ვარაუდისა, რომ სამხრეთ ოსურმა ძალებმა მოახდინეს 13,400-დან 18,500-მდე ეთნიკური ქართველის იძულებითი გადაადგილება სამხრეთ ოსეთიდან და ე.წ. „ბუფერული ზონიდან.“ არსებული ინფორმაცია აგრეთვე მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსურმა ძალებმა, შეიარაღებული მოქმედებების განხორციელებისას მოკლეს 51-დან 113-მდე ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირი და გაანადგურეს ან მძიმე ზიანი მიაყენეს 5,000-ზე მეტ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეკუთვნოდა.’ (პროკურორის შუამდგომლობა, 123-ე პარაგრაფი).

აღნიშნულის საფუძველზე, პროკურორის ოფისი მიუთითებს, რომ სულ მცირე შემდეგი ომის დანაშაულები იქნა ჩადენილი ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ: (i) განზრახ მკვლელობა; (ii) მოწინააღმდეგე მხარის ქონების განადგურება; და (iii) ქალაქის ან ადგილმდებარეობის გაძარცვა.

პროკურორის ოფისი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ომის დანაშაულს სამშვიდობო მისიაში ჩართულ პირებსა და ობიექტებზე შეიარაღებული თავდასხმის განხორციელების შედეგად როგორც ქართველი, ისე რუსი სამშვიდობოების მისამართით. როგორც აღნიშნულია პატრიკ ლაბუდას მიერ OpinioJuris-ზე, ‘სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიებას შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები მოყვეს’ ზოგადად მშვიდობისმყოფელთა სამართლებრივი მდგომარეობის კუთხით, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განიხილავს საკითხს იმის თაობაზე, თუ როდის კარგავენ სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირები, ან მთლიანად სამშვიდობო მისია, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გარანტირებულ დაცვას.

შეიარაღებული კონფლიქტის კლასიფიკაცია როგორც საერთაშორისო ან არასაერთაშორისო ხასიათის მქონე გავლენას ახდენს რომის სტატუტის კონკრეტული მუხლის შესაბამისი პუნქტის მისადაგებაზე. პროკურორის ოფისმა ამ ეტაპზე მოახდინა კონფლიქტის წინასწარი კლასიფიკაცია (პროკურორის შუამდგომლობა, 69-112-ე პარაგრაფები) და მიუთითა, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურ განხილვას საჭიროებს შემდგომ ეტაპზე, მას შემდეგ რაც მიღებული იქნება სასამართლოს ნებართვა გამოძიების დასაწყებად. აღნიშნული დეტალური შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს (ა) გამოძიებისთვის რელევანტური პერიოდის განმავლობაში გამოიყენება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მარეგულირებელი საერთაშორისო  სამართალი, თუ (ბ) შესაძლებელია დანაწევრებული მიდგომის გამოყენება საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის კონფლიქტების თანაარსებობის გამო (პროკურორის შუამდგომლობა, 81-ე პარაგრაფი). შუამდგომლობის იმავე ნაწილში ხაზგასმულია, რომ ომის დანაშაულების თაობაზე ბრალის წაყენება მოხდება ორივე შემთხვევაში.  

(2) კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

პროკურორის ოფისს მიაჩნია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი დასკვნისა, რომ ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან გაძევების კამპანიის ფარგლებში ჩადენილია შემდგომი ხასიათის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები: (i) მკვლელობა, (ii) დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, და (iii) იდენტიფიცირებული ჯგუფის ან ერთობის დევნა ეთნიკურ ნიადაგზე, რის შედეგადაც ‘კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა სულ მცირე 75 პროცენტით’ (პროკურორის შუამდგომლობა, 270-ე პარაგრაფი).

2. დასაშვებობის საკითხები

პროკურორის შუამდგომლობის განხილვისას, იურისდიქციის საკითხებთან ერთად, წინასწარი წარმოების პალატამ შესაძლოა აგრეთვე შეაფასოს დასაშვებობის საკითხები. აღნიშნული მოიცავს პალატის მიერ ეროვნული საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შეფასებას და აგრეთვე იმის დადგენას, თუ რამდენად ვლინდება პროკურორის შუამდგომლობაში დანაშაულების საკმარისი სიმძიმე, იმისათვის რომ გამართლებული იყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა. პროკურორის შუამდგომლობის მიხედვით, აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებულია რომის სტატუტის მე-17 მუხლის შესაბამისად.

ეროვნული გამოძიება

პროკურორის ოფისმა რომის სტატუტის მე-17 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შეაფასა გამოძიების ხასიათი და ფარგლები როგორც საქართველოში, ისე რუსეთში და გადაწყვიტა, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების პოტენციური საქმე აკმაყოფილებს დასაშვებობის მოთხოვნას ეროვნულ დონეზე გამოძიების გაურკვეველი ვადით შეჩერების გამო (პროკურორის შუამდგომლობა, 302-303, 323 პარაგრაფები). რაც შეეხება შეიარაღებულ თავდასხმას სამშვიდობო მისიისა და ობიექტების წინააღმდეგ, პროკურორის აზრით, აღნიშნული ეპიზოდები ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ არის დასაშვები, რუსეთის ფედერაციაში რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული თავდასხმის თაობაზე მიმდინარე გამოძიების გათვალისწინებით (პროკურორის შუამდგომლობა, 320-ე და 323-ე პარაგრაფები).

3. სიმძიმე

პროკურორის შუამდგომლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ‘სიმძიმის შეფასება მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ფაქტორებს არსებულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით’ და სია ფაქტორებისა, რომლებიც აღნიშნული შეფასების დროს გამოიყენება მოიცავს, თუმცა არ არის შეზღუდული, დანაშაულების ჩადენის მასშტაბს, ბუნებას და მეთოდს და მათ შედეგებს (პროკურორის შუამდგომლობა, 326-ე პარაგრაფი). პროკურორის ოფისი ამტკიცებს, რომ ‘მათ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლევა დაისკვნას, რომ სიტუაციის გამოძიების შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საქმეები სათანადო სიმძიმის იქნება, რომ გაამართლოს სასამართლოს ჩართულობა’ (პროკურორის შუამდგომლობა, 328-ე პარაგრაფი).

4. მართლმსაჯულების ინტერესები

პროკურორის ოფისი აგრეთვე აღნიშნავს, რომ პროკურორის მანდატისა და რომის სტატუტის მიზნების, ისევე როგორც დანაშაულების სიმძიმისა და დაზარალებულების ინტერესების გათვალისწინებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია არ იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ სასამართლოს მიერ გამოძიების ნებართვის გაცემა არ იქნება მართლმსაჯულების ინტერესებში’ (პროკურორის შუამდგომლობა, 344-ე პარაგრაფი).

Leave Yours +

არ კომენტარები

კომენტარები დახურულია.

  • კომენტარები დახურულია